ზუსტად 381 წლის წინ, 1631 წლის 7 ივნისს აგრაში – დიდი მოგოლების ინდური იმპერიის მაშინდელ დედაქალაქში საფუძველი ჩაეყარა ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმის მშენებლობას. მშენებლობა 22 წელს გრძელდებოდა და 1652 წელს დასრულდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო არქიტექტურის ამ შედევრის პროექტის ავტორი თვით იმპერატორი
შაჰ–ჯაჰანი იყო, რომელიც ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული არქიტექტურით და მშენებლობით.
მან ბრძანება გასცა აეშენებინათ გრანდიოზული მავზოლეუმი, რომელიც თავის საყვარელ
მეუღლეს მუმთაზ მაჰალს მიუძღვნა. მუმთაზი მშობიარობისას გარდაიცვალა.
ტაჯ–მაჰალის მშენებლობაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ინდოელი ოსტატების გარდა მშენებლობაში მონაწილეობდნენ საუკეთესო ხუროთმოღვრები, რომლებიც სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან და ვენეციიდან იყვნენ მიწვეულნი.
ტაჯ–მაჰალი მთლიანად თეთრი მარმარილოთია აგებული და მისი არქიტექტურული დიზაინი აბსოლუტური სიმეტრიის არაბულ–მუსულმანურ კონცეპციაზეა აგებული, სადაც თითოეული ელემენტი ჰარმონიულად ერწყმის ნაგებობის მთავარ სტრუქტურას.
ნაგებობა მაღალ კვადრატულ სტრუქტურაზე დგას. მთავარი გუმბათი 64 მეტრ სიმაღლეს აღწევს და გარშემორტყმულია ოთხი მცირე ზომის გუმბათით.
კომპოზიციას ოთხი მინარეთი ასრულებს. გარედან და შიგნიდან მავზოლეუმი დიდებული მცენარეთა გამოსახულების ფორმის ორნამენტითაა გაწყობილი, ხოლო შემაერთებელ თაღებზე არაბული ტექსტებია გამოყვანილი, რომლებიც ყურანის სურებს გადმოსცემს.
მავზოლეუმის არქიტექტურული ანსამბლი აერთიანებს ასევე მეჩეთს, სასტუმრო სახლს და პარკს. თვითონ ტაჯ–მაჰალი კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მდინარე იამუნას ნაპირზე. პარკი ოთხ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი არხებით, რომლებიც ერთმანეთს ცენტრში კვეთენ, და თითოეული მათგანი თავის მხრივ ოთხ ნაწილადაა გაყოფილი უფრო მცირე არხებად.
ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმი მსოფლიო არქიტექტურის შედევრად ითვლება, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ობექტად არის გამოცხადებული და მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში შედის.
ოქროს ტაძარი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ის სინგჰების წმინდა ადგილია.
ლოტოსის ტაძარი, ანუ ბაჰაისტური სამლოცველო სახლი – თანამედროვე დელის და მთელი აზიის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა. ტაძრის მშენებლობა 1980 წლის 21 აპრილს დაიწყო და 1986 წლის 24 დეკემბერს დასრულდა. არქიტექტორი თარიბორზ საჰბა ირანული წარმოშობის კანადელია. ადრე ამ ტაძრის ადგილზე მდებარეობდა მისტიკური სოფელი ბაჰა პური (ჰინდიდან ითარგმნება, როგორც „ბაჰას საცხოვრებელი“).
ტაძრის შენობას გიგანტური ნახევრადგაშლილი ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვს, რომელიც სამ რიგად დაწყობილი 27 „ფურცლისგან“ შედგება. „ფურცლების“ შიდა რიგი უშუალოდ შენობის კარკასს ქმნის და ყვავილის ჯერ კიდევ გაუშლელ კოკორს ჰგავს. ლოტოსის „ფურცლები“ თეთრი ბეტონისგანაა ჩამოსხმული და გარედან დაფარულია თეთრი მარმარილოს ფილებით.
ლოტოსის ტაძარი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობაა, რომელსაც არ გააჩნია არცერთი სწორი ხაზი.
შენობა უზრუნველყოფილია „ბუნებრივი ვენტილაციის“ უნიკალური სისტემით, რომელიც აგებულია უძველესი ნაგებობების ვენტილაციის პრინციპები საფუძველზე. თბილი ჰაერი ცენტრალური დარბაზიდან გაედინება თაღში არსებული ღიობიდან, ხოლო ცივი ჰაერი შემოედინება წყლიანი აუზებისა და ფუნდამენტის გავლით, შედის დარბაზში და შენობის შიგნით მისაღებ ტემპერატურას ინარჩუნებს
ლოტოს ტაძარი
გამოყენებული ლიტერატურა:
საიტიდან http://indoeti.blogspot.com/2009/03/blog-post_10.html.